თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. თავდაცვის განახლებული კოდექსი, რომელიც ეხება საქართველოს გაწვევის სისტემის და თავდაცვის ძალების რეფორმას, აუცილებლად იქნება მიღებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა. განახლებული თავდაცვის კოდექსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეხება გაწვევის სისტემას, მეორე კი პროფესიულ ჯარს. ცვლილებებს პირველი მოსმენით 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ორის წინააღმდეგ.
„თავდაცვის კოდექსი სჭირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ განხილვებისთვის. საბოლოო ჯამში თავდაცვის კოდექსი აუცილებლად იქნება მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში გაიმართება განხილვა, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ კოდექსის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის.
გაწვევის სიახლეები
ცვლილებების თანახმად, წვევამდელების ასაკი უცვლელი რჩება – 18-დან 27 წლამდე.
გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი.
სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სიახლის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
თავდაცვის ძალების სიახლეები
თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
ამასთან, პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს – სპეციალური წოდებები.
სამხედრო სამსახური თავსებადი იქნება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სამედიცინო საქმიანობასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და საწარმოო საქმიანობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობასთან.
ამ შემთხვევაში შეთავსება სავალდებულო იქნება სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის.
აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. უმცროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები შემცირდება.