სამეგრელოში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
მამაკაცი 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით პარასკევს, 30 ივნისს დააკავეს.
დაცვის მხარე 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ბრალდებულის ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.
„ბრალდებულის განცხადებით, ყველაზე მეტად ის არის დაინტერესებული შედეგით, რათა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით მისი უდანაშაულობა. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება ამ ბავშვთან არ ქონია და არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც მას ბრალად ედება“,- განაცხადა ადვოკატმა.
დედამ არასრულწლოვანი ქალიშვილი მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში მიიყვანა, სადაც გაარკვიეს, რომ ის ოთხი თვის ორსული იყო. ამის შემდეგ დედამ პოლიციას არ მიმართა და ამის ნაცვლად შვილი ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ექიმებმა აცნობეს.
დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.
ფაქტზე გამოძიება თავიდან სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. თუმცა, მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.