თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა (შერეული ნაკრები) კრაკოვში III ევროპული თამაშების ფინალში გერმანიის ნაკრები უპრობლემოდ დაამარცხეს - 4:1 და გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრებებზე, შერეულ გუნდურ პირველობაში მედლების მხოლოდ ერთი კომპლექტი გათამაშდა. შეჯიბრებაში 22 გუნდი, 219 ძიუდოისტი მონაწილეობდა. მამაკაცებმა იასპარეზეს წონით კატეგორიებში - 73, 90 და +90 კგ, ქალებმა - 57, 70 და +70 კგ.
პირველი ადგილისთვის შეხვედრაში წარმატებით იბრძოდნენ ლაშა ბექაური (-90), ლაშა შავდათუაშვილი (-73), გურამ თუშიშვილი (+90) და ეთერ ლიპარტელიანი (-57).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთში გაემგზავრნენ: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფია სომხიშვილი (+70 კგ).
ევროპული თამაშები სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. საერთო ჯამში, მედლები 29 სხვადასხვა სპორტში თამაშდება.