თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „რუსთავი2“.
დაცვის მხარე 20.000-ლარიან გირაოს, პროკურატურა კი დანაშაულის განმეორებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის არგუმენტით, პატიმრობას ითხოვდა. საბოლოოდ სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). თავად გუგეშაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მიზეზად კი მშვილდაძის ანტიეკლესიური გამონათქვამები დაასახელა.