საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს აუცილებელია შემდეგი ეტაპებისთვის.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამიტომ უარი მორიგი სტრატეგიული შეცდომა გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში ელოდება. 2022 წლის ივნისში ქვეყანას მიენიჭა „ევროპული პერსპექტივა" და ითქვა, რომ ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, როდესაც 12 პირობა იქნება შესრულებული. განაცხადი თითქმის ერთდროულად სამმა ქვეყანამ შეიტანა, მაგრამ გასულ წელს სტატუსი მხოლოდ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.

„კარგად მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვარწმუნებ, რომ თუ ისინი [საქართველოს] არ მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან დაშვებული", – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სიმბოლური მნიშვნელობისაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის შემდეგი ეტაპისთვის.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ რეალურად შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც მოსახლეობისთვის რეალური კონკრეტული შედეგები მოაქვს.
„მინდა გითხრათ, რომ კოლეგების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ მიერ მიწოდებულ არგუმენტებს იზიარებს… ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად, ხმამაღლა თქვეს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ელექტროკაბელი ევროპაში შავი ზღვის გავლით ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი პროექტია>>
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ამ დღეებში განაცხადა, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულა. გაწეული სამუშაოს დეტალებზე საუბარს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უახლოეს მომავალში აპირებს.
ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს.
პარასკევს ღარიბაშვილი პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოდის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს.