მსოფლიო დღეს

მასკმა ცუკერბერგთან ორთაბრძოლის ადგილი შეცვალა: დასახელდა ახალი რინგი

Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის შერკინება შესაძლოა არა ლას-ვეგასის ოქტაგონზე, არამედ კოლიზეუმში გაიმართოს, როგორც ამას თავად მასკი აცხადებს.

„არის შანსი, რომ ბრძოლა კოლიზეუმში შედგეს“, — დაწერა Twitter-ის მფლობელმა საკუთარ აკაუნტზე.

ამასთან მასკმა ტვიტს თან დაურთო ვიდეონაწყვეტი კომედიური ფილმიდან Life of Brian Colosseum fight, ხოლო ქვეშ მიაწერა: „გამძლეობაზე მუშაობა მჭირდება“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-ს ჩემპიონმა ჯორჯ სენ-პიერმა ილონ მასკს ცუკერბერგთან ბრძოლისთვის მომზადება შესთავაზა.
„მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, დაგხმარებოდით და თქვენი პარტნიორი გავმხდარიყავი ცუკერბერგთან შესახვედრად წვრთნებში“, — მიმართა სენ-პიერმა მასკს სოციალური ქსელით, რასაც ბიზნესმენმა მალევე თანხმობით უპასუხა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ ილონ მასკმა უკვე გაიარა წვრთნა ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელ ლექს ფრიდმანთან.
ამერიკული კორპორაცია „მეტას“ აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგსა და Twitter-ის მფლობელ ილონ მასკს შორის შერკინების თაობაზე ინფორმაცია ივნისის შუა რიცხვებში გავრცელდა. მას საფუძვლად მსოფლიოს ორ უმდიდრეს ადამიანს შორის კონფლიქტი უდევს.
ეს დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „მეტამ“ გამოაცხადა, რომ Twitter-ის კონკურენტული აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს — კოდური სახელწოდებით Project 92. ამის შემდეგ ილონ მასკმა არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ცუკერბერგს, ერთ-ერთ ტვიტში კი დაწერა, რომ მასთან რინგზე ჩხუბი სურს. ცუკერბერგმა, რომელიც ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო ხელოვნებას ფლობს, უკან არ დაიხია და მასკს ადგილის დასახელება მოსთხოვა. მაშინ მასკმა შესაძლო რინგად ლას-ვეგასის ოქტაგონი დაასახელა.