თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ანიმაციის მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია Anima Tbilisi 2023 მსოფლიო დონის სპიკერების მონაწილეობით საქართველოს დედაქალაქში 11-12 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
AnimaTbilisi 2023 – საერთაშორისო ანიმაციური კონფერენციაა, რომელიც საქართველოს ანიმაციის ასოციაციამ დააფუძნა. კონფერენცია ანიმაციის დარგში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ იმსჯელონ თანამედროვე ანიმაციის აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციის სპიკერებს შორისაა ოსკაროსანი კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი ნიკოლას ბეკერი, ვეს ანდერსონის „ძაღლების კუნძულის" და ტიმ ბარტონის Frankenweenie-ის წარმოების ხელმძღვანელი ანჯელა პოშეტი და ბრუკლინის ოსკაროსანი ანიმაციური სტუდიის დამფუძნებელი ჯეიმს ბელფერი.
ორგანიზატორებმა დააანონსეს ორდღიანი პანელური დისკუსიები, ინტერაქტიული მასტერ-კლასები, თანამედროვე ანიმაციის ჩვენებები და დამწყები ქართველი ანიმატორების პროექტების პრეზენტაციები.
ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, მისამართი: პეკინის გამზირი, №40.