თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობას არ შეუძლია გააკონტროლოს, სად ხვდებიან სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები, ამიტომაც გადაწყვიტა კანონის მიღება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს, ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას. 1 იანვრიდან დონორი და სუროგატი დედა უნდა მოქმედებდეს უანგაროდ, ხოლო კომპენსაციას იღებდეს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
„ჩვენ არ შეგვიძლია გაკონტროლება იმის, თუ სად ხვდებიან ეს ბავშვები, ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაფიქსირებული ბავშვების გაგზავნასთან დაკავშირებით. ამიტომაც, ჩვენ ვთქვით, რადგან ამ საკითხს ვერ ვაკონტროლებთ, ჯობს გვერდზე გავდგეთ და სახელმწიფო არ იყოს პასუხისმგებელი ამ საკითხზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან დეპუტატებს კითხვა დაუსვა, თუ უცხოელები სუროგატი დედების მომსახურებით საკუთარ ქვეყანაში ვერ სარგებლობენ, იგი საქართველოში რატომ უნდა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი.
„ვფიქრობ, მორალურად არ უნდა იყოს მისასალმებელი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან და მიჰყავთ ბავშვები, ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არიან და სად მიჰყავთ ბავშვები. სიტუაცია დიდწილად უკონტროლოა და არ გვინდა თანამზრახველები ვიყოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
მინისტრის ვარაუდით, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციისა და დონაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა წელიწადში, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.