თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ევროპელი კოლეგები ჰყვებოდნენ, თუ როგორ სთხოვდნენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მათი ვიზიტების დროს – არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნებაა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა კონკრეტული ფაქტები მოგვაწოდეს, ბევრჯერ იყო საუბარი გვარებზე, როცა ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები მიდიან, სთხოვენ და არ მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი „ქართული ოცნების" პირობებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა წარმოუდგენელი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული უწოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოქმედებას, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
„წარმოიდგინეთ, ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების როგორი დონის ღალატია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ევროპელი მეგობრებისგან „გონივრულ, ბრძნულ გადაწყვეტილებას" ელოდება.
„გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპაში უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. ამ პროცესში ჩართულია მრავალი წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერი და ისინი მხარს გვიჭერენ, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 12-დან 11 პირობა შეასრულა.
„ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა დესტრუქციული საბოტაჟის, ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის ბოიკოტის გამო, არის პოლარიზაციის შემცირება და დასრულება. ამის დასრულება ალბათ შეუძლებელია. მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ყველა ქვეყანაშია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„მე მათ (ევროპელ კოლეგებს) ვუთხარი, ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია – თუ ისინი მართლა დაინტერესებული არიან, და მიმაჩნია, რომ ისინი დაინტერესებული არიან ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებით, ქვეყანამ, ხალხმა და ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებსაც ყველა პარამეტრით უსწრებდა, არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
პრემიერმა წლის დასაწყისში ევროკომისიის გამოქვეყნებულ ანგარიშს იმის დადასტურება უწოდა, რომ საქართველოს მაჩვენებლები უკეთესია.
ევროკომისიამ 2023 წლის 1 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოს მთავრობის მუშაობა უმრავლეს სფეროებში დადებითად არის შეფასებული. საუბარია საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაზე ევროკავშირთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, ფინანსური კონტროლი, გარემო, მეცნიერება და განათლება და სხვ.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.