თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერს არცერთი შეკითხვა არ დაუსვა ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტურიზმისა თუ განათლების საკითხზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის განვითარება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. მთავრობის მეთაურის მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე მისვლამდე პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წერილობით წარუდგინა.
„ოპოზიციის მხრიდან საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე – ორი, საგარეო პოლიტიკის თემებზე დაისვა სამი უხარისხო შეკითხვა და თავდაცვაზე დაისვა ერთი უხარისხო შეკითხვა", – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ნული შეკითხვა იყო დასმული ისეთ თემებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოციალური დაცვა და ა.შ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ეს არის სტატისტიკა, რომელიც ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს.
„ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ ოპოზიცია სინამდვილეში არც ინტელექტუალურად არ არის მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში", – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მის მომხრეებს ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი სურთ.
„რა თქმა უნდა, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ღიზიანდება, როცა მათ ნამდვილ სახელს ეძახიან. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ბოროტების მეტი არაფერი უნდა. ასეთია რეალობა და პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უნდა აღენიშნა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აღშფოთებული არიან ამით, რადგან მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მტრები არიან“, – განაცხადა კობახიძემ.
სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დარბაზიდან გასული ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეკითხვებს არ უპასუხა.