WSJ: მოსკოვს პრიგოჟინის „გლობალურ იმპერიაზე“ კონტროლის დამყარება სურს

Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება „ვაგნერის“ მონაწილეობით 24 ივნისს მომხდარი მოვლენების შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული აჯანყება უწოდა, აპირებს სრული კონტროლი აიღოს ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ „გლობალურ იმპერიაზე“, წერს The Wall Street Journal ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა შორის არიან დიპლომატები, დაზვერვის ოფიცრები, „ვაგნერიდან“ ხელისუფლების მხარეს გადასული მებრძოლები და საქმეში ჩახედული სხვა პირები.
წყაროების თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსკოვმა დიპლომატიური აქტივობა გაზარდა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რათა იქაური პარტნიორები დაერწმუნებინა, რომ „ვაგნერი“ მათ ქვეყნებში ოპერაციებს კვლავაც განაგრძობს, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობის კონტროლქვეშ.
გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (სტატიაში კონკრეტული სახელი არ არის ნახსენები) დამასკში გაემგზავრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის იმის სათქმელად, რომ „ვაგნერის ჯგუფები დამოუკიდებლად აღარ იმოქმედებენ“.
მანამდე, 27 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია 26-27 ივნისს მინისტრის მოადგილის სერგეი ვერშინინის სირიაში ვიზიტის თაობაზე. ოფიციალური ცნობით, ვერშინინი ასადს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა საერთაშორისო და რეგიონულ დღის წესრიგზე იმსჯელეს. წამოიჭრა თუ არა მოლაპარაკებების დროს „ვაგნერთან“ დაკავშირებული თემები, არ ზუსტდება.
WSJ ასევე წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ტუადერეს დაურეკეს, რომლის მცველებს შორის „ვაგნერის“ მებრძოლებიც არიან. დიპლომატებმა დაარწმუნეს პრეზიდენტი, რომ რუსეთში მომხდარი ბოლო მოვლენები არ შეაჩერებს კომპანიის ექსპანსიას აფრიკაში.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 6000 „ვაგნერელი“ მუშაობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ისინი იცავენ მაღაროებს, პოლიტიკოსებს, ნავთობის ჭაბურღილებს, ხოლო სირიაში — მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს.
არსებული ინფორმაციით, „ვაგნერთან“ დაკავშირებული მოვლენების დასრულების შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ფიდელ გუანჯიკამ განაცხადა, რომ „ვაგნერელების“ ქვეყნიდან წასვლის შემთხვევაში ხელისუფლება მზად არის, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნებისმიერი სხვა დაჯგუფება მიიღოს.
წყარო: The Wall Street Journal