თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. არაფერია ახალი რუსეთის პოზიციაში და მის სურვილში, რომ გახსნას რკინიგზა, რომელიც ქვეყნებს სომხეთთან დააკავშირებს, ისევე, როგორც არაფერია ახალი საქართველოს პოზიციაში – საკითხი არ განიხილება და ეს მოცემულობაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების კომენტარისას.
მარია ზახაროვამ 28 ივნისს ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზაციისთვის – რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მოძრაობის გახსნისთვის. სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს გავლით არის შესაძლებელი.
„არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა, და არაფერი ახალი არ არის არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის მოცემულობა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთსა და საქართველოს შორის დახურულ კარს მიღმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიცრუე და კონსპირაციაა, როგორც, მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, ან რომ ქვეყანა ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 1990-იანი წლებიდან შეწყდა, როდესაც საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.