თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ნიანგის ფეხისგან მომზადებულმა წვნიანმა, რომელსაც მომხმარებლებმა „გოძილა რამენი“ უწოდეს, ტაივანში ნამდვილი ფურორი მოახდინა, თუმცა იმ რესტორანში, სადაც მას ამზადებენ, აცხადებენ, რომ ამ კერძის გასინჯვის გამბედაობა ჯერ არავის ეყო, წერს Daily Mail.
თავად რესტორანმა Witch Cat-მა თავის ახალ საფირმო კერძს დაარქვა „ნიანგის სქელი წვნიანი ალქაჯისგან“.
სუპი, რომელიც 40 ინგრედიენტისგან მზადდება, ღრმა თასში ისხმება, რომლის კიდიდანაც ნიანგის ფეხია გადმოკიდებული.
რესტორანში ამბობენ, რომ კერძს ბევრი სტუმარი უკვეთავს, თუმცა მხოლოდ ფოტოს გადასაღებად და სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებლად, მისი გასინჯვა კი ჯერჯერობით ვერავინ გაბედა.
როგორც კერძის აღწერილობაშია ნათქვამი:
„ალქაჯი წვნიანის მოსამზადებლად 40-ზე მეტ ბუნებრივ სანელებელსა და ინგრედიენტს იყენებს, შემდეგ კი მას სიყვარულის იდეას ამატებს, ერთმანეთს ურევს ყველა ელემენტსა და ენერგიას, ბოლოს კი თქვენი კუთვნილი სიყვარულის გამოვლინების ყველა ელემენტს ხარშავს“.
რესტორანში ირწმუნებიან, რომ ვინც ნიანგის წვნიანს გასინჯავს, საკუთარ გულში „უსპეტაკეს და უწრფელეს სიყვარულს“ გააღვიძებს.
კერძის ერთი ულუფა 1500 ახალი ტაივანური დოლარი ღირს, რაც დაახლოებით 50 აშშ დოლარს უდრის.
წყარო: Daily Mail