თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 52 პირი დააკავეს, მათგან 37 ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან საქართველოს, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის, ნიგერიის, ინდოეთისა და ირანის მოქალაქეები.
ნარკოდამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 16-დან 67 წლამდეა, არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანი.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 16-დან 67 წლამდეა, არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული – ნარკოტიკული საშუალებების შემდგომში რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ დაინტერესებულ პირებს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო- და ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „მეტამფეტამინი“, ოპიუმი, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, MDMA, „ექსტაზი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, მარიხუანა, მცენარე კანაფი და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერებები.
სამართალდამცველებმა ორი დაკავებული პირის ჩხრეკისას ნარკოტიკებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღებიც ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.