დასავლეთ საქართველოში მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია

ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო ზუგდიდი-თბილისის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სოფელ ბაბის მიმდებარედ სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა წყალმა ლიანდაგები დატბორა, ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი.
„ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს რკინიგზამ“ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება მოახდინა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. კომპანიაში განაცხადეს, რომ დროის მოკლე მონაკვეთებში ინფორმაცია განახლდება.