თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუგეშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" თანამფლობელ მიშა მშვილდაძეს თავს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე სუპერმარკეტთან დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, ქუჩაში მას უცნობმა პირმა სახეში დაარტყა, წაქცევის შემდეგ კი მისი ცემა გააგრძელა.
მოგვიანებით დედაქალაქში მცხოვრებმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან, ოთხი შვილის მამამ მშვილდაძე სცემა, მათ შორის, ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.