თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა, წარსულში წარმატებულმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის არ მიუწვევიათ უკრაინის მხარდამჭერ მატჩში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ლონდონში 5 აგვისტოს ჩატარდება.
კალაძე წარსულში წარმატებული ფეხბურთელი იყო. ის თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, თბილისის „დინამოსა" და კიევის „დინამოში". 2001 წელს ის „მილანში" გადავიდა და საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. კახა კალაძემ 2012 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა და პოლიტიკაში მოვიდა.
„მე მოწვევა არ მიმიღია და ვერც მონაწილეობას მივიღებდი. ბოლოს როდის გახსოვს, რომ ეგეთ შეხვედრაში მეთამაშოს?" – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას მატჩში, თუ მას მიიწვევდნენ, კალაძემ უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია, თუ დრო ექნება.
„კი, ვნახავდი. თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა?" – აღნიშნა კალაძემ.
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი ლონდონის "სტემფორდ ბრიჯზე" 5 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობებია, განსაკუთრებით, 2022 წლის თებერვალში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ. თავდაპირველად მიზეზი იყო მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გამგზავრებაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების არიდების კუთხით.
საქართველოს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.