სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა არ გამოვლენილა - რა დაადგინა გამოძიებამ

გამოძიებამ ექს-პრეზიდენტს მოწამვლის დადგენის თაობაზე ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა, აღნიშნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ამ ეტაპზე არ გამოუვლენია, განუცხადა ჟურნალისტებს სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.
სისხლის სამართლის საქმე არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მუხლით ექს-პრეზიდენტის ადვოკატების განცხადების შემდეგ აღიძრა. მათი თქმით, სააკაშვილი 2021 წლის ნოემბერში რუსთავის ციხიდან ციხის კლინიკაში გადაყვანის დროს სცემეს.

„რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული, მსგავსი რამ გამოკვეთილი ამ ეტაპზე არ არის. ვსწავლობთ, რამდენად ადეკვატური მკურნალობა გაეწია", – განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება შესაძლო მოწამვლას, მისი თქმით, უწყებას ექს-პრეზიდენტის ჩვენება ამ დრომდე არა აქვს.

„ამ დღემდე არ გვაქვს პასუხი, აქვს თუ არა გამოკითხვის სურვილი. ბოლო ფაქტზე ექსპერტიზა შევთავაზეთ მოწამვლის დასადგენად და ამაზეც უარი გვითხრა", – განაცხადა კაციტაძემ.

ცენტრი „ემპათიის" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედმა" გერმანიაში ჩაატარა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის. ჯიშკარიანის თქმით, ორგანიზმში სხვადასხვა ლითონის არსებობა შეიძლება გარკვეული ნაერთებით მოწამვლაზე მიუთითებდეს.
სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა - პაპუაშვილი>>
ამავე დროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბარს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ "ემპათიის" სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
მიუნჰაუზენი, მატყუარა და სიმულანტი - კობახიძე სააკაშვილის შესახებ>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.