თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. ბიზნესჯეტი Embraer Legacy 600, საბორტე ნომრით RA-02795, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია ევგენი პრიგოჟინთან კავშირის გამო, დონის როსტოვიდან აფრინდა და მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, წერს Belarus Gayun, რომელიც ქვეყანაში სამხედრო აქტივობას აკონტროლებს.
ბიზნესჯეტის აღნიშნული მარშრუტით ფრენა ასევე ჩანს სერვისზე Flightradar24.
გავრცელებული ცნობით, ლაინერი 07:40 საათზე დაეშვა აეროდრომზე. 07:58 საათზე კი იმავე აეროდრომზე კიდევ ერთი ბიზნესჯეტი BAe 125-800B დაჯდა საბორტე ნომრით RA-02878. ეს უკანასკნელი სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა. ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი მგზავრი, უცნობია.
დაზუსტებით იმის თქმა, თუ ვის ეკუთვნის RA-02795, შეუძლებელია, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნული ბორტი 2019 წლიდან არის აშშ-ის სანქციების ჩამონათვალში ევგენი პრიგოჟინთან კავშირის გამო.
მანამდე რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თვითმფრინავს პირადად პრიგოჟინი და მისი ოჯახის წევრები იყენებდნენ, თუმცა თავად პრიგოჟინმა ბიზნესჯეტთან კავშირი უარყო.