ფინანსური დავის გადაჭრა „ქურდული სამყაროს“ წესებით: დაკავებულებს ბრალი წარედგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორესთან არსებული ფინანსური დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართა, რომელმაც 2023 წლის გაზაფხულზე, მოაწყო „ქურდული გარჩევა“, რასაც ასევე ესწრებოდა და აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი ბრალდებული.
მხარეებს შორის არსებული დავა ბრალდებულმა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად განიხილა და თანხის გადახდა ერთ-ერთ მხარეს დააკისრა.
ერთ დაკავებულს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორეს - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას, ეს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, მესამე პირი კი „ქურდული სამყაროს წევრისათვის“ მიმართვაშია ბრალდებული, და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
წყარო - პროკურატურა