თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) პნევმატური იარაღიდან სროლაში – ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების (2024) ლიცენზია მოიპოვა.
ევროპულ თამაშებზე კრაკოვში ნინო სალუქვაძემ 25 მ დისტანციაზე პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ნინო სალუქვაძისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეათე გახდება და ამ მაჩვენებლით ის ქალთა შორის რეკორდსმენია.
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
თავის კარიერაში ნინო სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონი ექვსჯერ გახდა.