პრეზიდენტმა ვეტო დაადო: ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა დაიბლოკა

მაღალი კონსენსუსი აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად, მიაჩნია პრეზიდენტს.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის შეცვლას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საუბარია პარლამენტის თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის პრეროგატივის გადაცემაზე. ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების წარდგენას და პარლამენტში ხმათა უბრალო უმრავლესობით დამტკიცებას გულისხმობს.

„100 ხმის ნაცვლად თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის აზრით, მაღალი კონსენსუსი აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.
მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცვლილებების შეტანის მთავარი მიზეზი სწორედ პრეზიდენტის მოქმედება გახდა, როდესაც მან „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატების ნაცვლად სხვა კანდიდატები წარადგინა.

ცვლილებების არსი

ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატების ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.