ლაპარაკი ანტირუსული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოს იმიჯს ლახავს - დეპუტატი

სანქციების გვერდის ავლის საფრთხე ევროკავშირის ქვეყნებშიც არსებობს, აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დასავლეთში არავინ ლაპარაკობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე ანტირუსული სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით, ამის შესახებ მხოლოდ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ლაპარაკობს, რათა ქვეყნის ინტერესები შეილახოს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.

„თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველი სანქციების დროს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ „შავი ხვრელი" და საქართველო. მაშინ „შავი ხვრელი" რა იყო, არავინ იცოდა. ეს კამპანია დაწყებულია ქართველი პოლიტიკოსების მიერ და მიმართულია ქვეყნის იმიჯის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სანქციების გვერდის ავლის საფრთხე ევროკავშირის ქვეყნებშიც არის და ბევრგან გამოვლინდა სანქციებისთვის თავის არიდების ფაქტები, აღნიშნა მან.

„ევროკავშირი სწორედ იმას ცდილობს, რომ სანქციების აღსრულება ეფექტური იყოს. თუ ევროკავშირი ამ მექანიზმებს არ შექმნის, აზრი ეკარგება დაწესებულ სანქციებს. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეფექტიანად აღსრულდეს სანქციები, რაც უკვე დაწესებულია. ამ შემთხვევაში პარტნიორებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირი ამ საკითხებზე მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო'სალივანის ვიზიტი ამ მიზანს ემსახურება, აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს შემოსავლების სამსახურმა უარყო ცნობები ანტირუსული სანქციების დარღვევის შესახებ>>
ბოჭორიშვილის თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ევროკავშირს დიალოგი და კონსულტაციები ჰქონდეს თავის პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან სანქციების რეჟიმი მესამე ქვეყნების მხრიდან.

„საქართველოს ძალიან მტკიცედ განსაზღვრული პოლიტიკა აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით. იმ ნაბიჯებისა და ქმედებების გამო, რასაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, საქართველომ კარგი შეფასებები არაერთხელ მიიღო", – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მაისში ცნობილი გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეუერთდნენ ავიაციის სექტორში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ყურადღებით იყონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ.
დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ეწვევა. დევიდ ო"სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, დაწესებულ სანქციებს და მათ ეფექტიან განხორციელებას.