საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას ამ კვირაში დაასრულებს

სესიის ბოლო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სიტყვით მიმართავს და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 30 ივნისს დაიხურება, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
პარასკევს, 30 ივნისს, დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც წარადგენს ანგარიშს 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ და უპასუხებს დეპუტატების შეკითხვებს.
პრემიერის ანგარიში მოიცავს როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს, ასევე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს და მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელებას.
მანამდე დეპუტატები არაერთი ინიციატივის განხილვასა და ზოგიერთი კანონპროექტის მიღების დასრულებას გეგმავენ. ამ კვირაში დღის წესრიგში 100-მდე საკითხია.
საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.
ამ დროისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესაძლებლობასა და მის ვადებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.