საქართველოს შემოსავლების სამსახურმა უარყო ცნობები ანტირუსული სანქციების დარღვევის შესახებ

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ინფორმირებულია სანქციების აღსრულების კუთხით საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ, ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „TV პირველის" მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს ეხება, ნათქვამია განცხადებაში.

„სამსახური კიდევ ერთხელ კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას“, – აცხადებს უწყება.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ტელეარხის სიუჟეტში დასახელებული საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ექსპორტი, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საცალო ღირებულება არ აღემატება 750 ევროს. ევროპული საბჭოს მიერ 2014 წლის 31 ივლისს გამოქვეყნებულია შესაბამისი დადგენილება №833/2014, რომელიც გულისხმობს ელექტროსაქონლის ექსპორტის აკრძალვას ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.
ამასთან, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის რესპუბლიკის ან ბელარუსის დანიშნულებით (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება.
რატომ არ უერთდება საქართველო ანტირუსულ სანქციებს - კალაძის პასუხი >>
„სანქციების აღსრულების კუთხით საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია. აგრეთვე დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქიებისგან თავის არიდების საშუალებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.