თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. სამხრეთ კორეაში გამართულ გამოფენაში Seoul Wine and Spirits Expo 2023 ქართულ ღვინოს 14 კომპანია წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა Seoul Wine and Spirits Expo 2023 22 ივნისს გაიხსნა და 24 ივნისის ჩათვლით გაიმართება. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს.
გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თარაშ პაპასქუასთან ერთად დაესწრო.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ინტენსიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალი სტაბილური და პერსპექტიული ბაზრების მოძიების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სამხრეთ კორეის ბაზარი არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი“, – განაცხადა ნოზაძემ.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის მასშტაბურ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას ემსახურება.
უწყების ცნობით, აღნიშნული გამოფენა თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში.
Seoul Interenational Wines and Spirits Expo-ზე ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მეღვინეები აღნიშნულ გამოფენაში 2019 და 2022 წლებში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, გამოფენაში მონაწილე კომპანიები შვიდს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო.
2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
სწორედ 14 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს ქვეყანა საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.