რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება მიიღეს

მკაცრი ზომები გატარდება დონის როსტოვში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, რომელიც რთული რჩება, განაცხადა პუტინმა
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთის ჯარებმა მიიღეს შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული აჯანყების ორგანიზატორების გასანეიტრალებლად, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიმართვაში.
„მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, სამართალდამცავ უწყებებს და სპეცსამსახურებს, მებრძოლებს და მეთაურებს, რომლებიც ახლა იბრძვიან თავიანთ საბრძოლო პოზიციებზე, იგერიებენ მტრის თავდასხმებს - ისინი ამას გმირულად აკეთებენ. ვიცი. დღეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე ყველა მიმართულების სარდალს. ასევე მივმართავ მათ, ვინც მოტყუებით ან მუქარით ჩაითრიეს დანაშაულებრივ ავანტურაში, დააყენეს მძიმე დანაშაულის -შეიარაღებული აჯანყების გზაზე“, - განაცხადა პუტინმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ეს არის ბრძოლა „სადაც ხალხის ბედი წყდება, ეს მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას, ერთიანობას, კონსოლიდაციას და პასუხისმგებლობას“, როდესაც ნებისმიერი უთანხმოება უნდა გვერდზე გადაიდოს.
„ქმედებები, რომლებიც ხლეჩს ჩვენს ერთობას, სინამდვილეში არის განდგომა საკუთარი ხალხისგან, თანამებრძოლებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ზურგში დანის ჩარტყმა“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ქართული დიასპორა თანამემამულეებს ვორონეჟსა და დონის როსტოვში მგზავრობას არ ურჩევს >>
ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას, ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველგვარი საფრთხისგან, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველგვარი საფრთხისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან და რასაც ჩვენ ახლა წავაწყდით, არის სწორედ ღალატი. გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ისინი მიიყვანა ღალატამდე, როგორც ჩვენი ქვეყანის, ისე ჩვენი ხალხისა და იმ საქმის, რისთვისაც ჩვენს სხვა დანაყოფებთან და ქვედანაყოფებთან ერთად გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ ჯგუფის ჯარისკაცები და მეთაურები“, - განაცხადა პუტინმა.
ყველას, ვინც შეგნებულად აირჩია ღალატის გზა, ვინც ამზადებდა შეიარაღებული აჯანყებას, დაადგა აჯანყებისა და ტერორისტული მეთოდების გზას, გარდაუვალი სასჯელი ელის, ისინი პასუხს აგებენ კანონისა და ჩვენი ხალხის წინაშე, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
„შეიარაღებულმა ძალებმა და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა მიიღეს სათანადო ბრძანებები, ახლა შემოღებულია დამატებითი ანტიტერორისტული ზომები მოსკოვში, მოსკოვის ოლქში და რიგ სხვა რეგიონებში. ასევე მკაცრი მოქმედებები გატარდება დონის როსტოვში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ის რთული რჩება, ფაქტობრივად დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციის ორგანოების მუშაობა“.
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
პრიგოჟინი აცხადებდა, რომ „ვაგნერის“ კოლონა დონის როსტოვისკენ მიემართება. ჯარების (ძალების) გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, თავის მხრივ, მოუწოდა „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს და მებრძოლებს დაემორჩილონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნებას და საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტონ.