თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები ივლისში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტი შეზღუდულად გადაადგილდება.
დაზიანებულ მონაკვეთზე შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, გზის ერთ ზოლზე კი გადაადგილება შესაძლებელია.
აღნიშნული საავტომობილო გზის 12-16-ე კმ მონაკვეთზე მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა და გზის აღდგენის სამუშაოები ივლისში დაიწყება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტირების ფარგლებში ჩატარდა გზის კომპლექსური შესწავლა და დამუშავდა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.