როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი 23, 24 და 25 ივნისს ლისის ტბის მიმდებარედ

ფესტივალის დღეებში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ფესტივალ Tbilisi Open Air 2023-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო 23, 24 და 25 ივნისს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვა 10:00 სთ-დან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით.
Imany, Tom Odell, Kaleo და სხვები - Tbilisi Open Air-ის პროგრამა>>
კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.
შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შესახებ იხილეთ ბმულზე.