თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ამერიკული კორპორაცია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი რინგზე ამერიკელ ბიზნესმენსა და Twitter-ის მფლობელ ილონ მასკს შეხვდება, რაც ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ამის შესახებ წერს გამოცემა The Verge.
კონფლიქტი ცუკერბერგსა და მასკს შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „მეტამ“ გამოაცხადა, რომ Twitter-ის კონკურენტული აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს — კოდური სახელწოდებით Project 92. ამის შემდეგ ილონ მასკმა არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ცუკერბერგს, ერთ-ერთ ტვიტში კი დაწერა, რომ მასთან რინგზე ჩხუბი სურს.
ცუკერბერგმა, რომელიც ჯიუჯიცუს საბრძოლო ხელოვნებას ფლობს, უკან არ დაიხია და მასკს ადგილის დასახელება მოსთხოვა.
მასკმაც დაასახელა: ვეგასის ოქტაგონი.
შემდეგ კი იქვე განმარტა:
„მე მაქვს შესანიშნავი ილეთი, რომელსაც ლომთევზას ვეძახი. უბრალოდ მოწინააღმდეგეს ზემოდან ვაწვები და არაფერს ვაკეთებ“.
როგორც Twitter-ის მფლობელი ამბობს, ახალგაზრდობაში ის ხშირად მონაწილეობდა სასტიკ ქუჩურ ჩხუბებში და ორთაბრძოლისთვის მზადაა.
ცუკერბერგს კი არაერთხელ უთქვამს, რომ სპორტი მისი ცხოვრების ნაწილია. მან COVID-19-ის პანდემიის დროს ჯიუჯიცუს ბრაზილიელი ოსტატი გაიცნო და ვარჯიში დაიწყო, უკვე წელს კი, მაისში, სამოყვარულო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ორი ჯილდოც მოიპოვა — ოქროსა და ვერცხლის მედლები.
როგორც The Verge წერს, ცუკერბერგი-მასკის დაპირისპირება „ყველა დროის ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა იქნება“, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს — 51 წლის ილონ მასკი თუ 39 წლის მარკ ცუკერბერგი.
წყარო: The Verge