პაპუაშვილი: სააკაშვილმა საკუთარი რეპუტაცია თავად დაასამარა

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ექს-პრეზიდენტის ირგვლივ მოვლენები შეაფასა.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი რეპუტაცია თავად დაასამარა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციების ფონზე პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე განცხადება გააკეთა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. მან 16 ივნისს სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. სააკაშვილის თქმით, იგი ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

„სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც მოულოდნელად აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა და რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საქართველოს კანონიერი მთავრობის მოშორებისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდა", – დაწერა პაპუაშვილმა.

რასაკვირველია, ამ ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები საქართველოს შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ, რომლებიც განგაშის ზარს რეკდნენ „მთავრობის მიერ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობასთან" დაკავშირებით, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
საქართველოს ხელისუფლებამ დროულად შეძლო პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ბრალდებების მოგერიება, მიაჩნია სპიკერს.

„მთავრობამ დროულად მოიგერია ყველა ბრალდება. წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, ასევე თვითდაზიანების მუდმივი მცდელობების შესახებ, რომლებსაც სააკაშვილი ხელისუფლების მიერ მისთვის ზიანის მიყენებად ასაღებდა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

თუმცა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ აღქმა კვლავ არსებობდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ, აღნიშნა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ სიმართლეს თანდათან ეხდება ფარდა.
პირველი დიდი გამომჟღავნება აშშ-ში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით მოხდა, როდესაც იურიდიულ კომპანია „აკერმანსა“ და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანიასთან სააკაშვილის ოჯახის მიერ დადებული კონტრაქტები გამოქვეყნდა.

„სააკაშვილის სახელით მთელ მსოფლიოში მის გათავისუფლებას ლობირებდნენ. ამ საქმისთვის გადახდილი თანხა კოლოსალური იყო ქართული პოლიტიკისთვის – თითქმის 1,5 მლნ დოლარი. ამ კონტრაქტებმა გამოააშკარავა კანონიერი დაკავებიდან სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული ლობიზმის მასშტაბი და კოორდინაციის მცდელობები“, – დაწერა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ.

„სულ ახლახან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მის საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ", – განაცხადა პოლიტიკოსმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყნის შიგნით გააჩუმა ბევრი რადიკალური ხმა და შეამცირა სააკაშვილის არასათანადო მოპყრობის შესახებ არასწორი აღქმები, დასძინა სპიკერმა.
სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილი და ლობისტები
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, საერთაშორისო მასმედიაში სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია. სტატიები საერთაშორისო მასმედიაში მოამზადეს და გაავრცელეს კომპანიებმა Akerman LLP და GlobalPoint, რომლებთანაც მანამდე კონტრაქტი გააფორმა სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.
დოკუმენტებს შორის, რომლებიც ლობისტურმა ორგანიზაციამ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გაუზიარა, არის სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ იმ ექიმების დასკვნები, რომლებიც ლობისტურმა კომპანია Akerman LLP-მ დაიქირავა.
სააკაშვილის ლობისტური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - კალაძე>>>
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ Akerman LLP-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ის მისი ვაჟის გათავისუფლების საქმეში დახმარებოდა.
სააკაშვილის საქმეს 2022 წლის ივლისიდან კომპანიის წარმომადგენელი მასიმო დ’ანჯელო უძღვებოდა.
კომპანია Akerman LLP-სთვის გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ, 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც გამოიკვლიეს სააკაშვილი და მოამზადეს დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ექსპერტებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.
პატიმარი სააკაშვილი
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
„შოუ, მასკარადი და ცირკი“ - პრემიერი ღარიბაშვილი სააკაშვილის საქციელზე>>>
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".