თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ იტალიაში მასიმო ბელინის თეატრის მუდმივ რეპერტუარში შევიდა, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მასიმო ბელინი – ოპერის თეატრია ქალაქ კატანიაში, სიცილიის სამხრეთით. თეატრმა სახელწოდება კომპოზიტორ ვინჩენცო ბელინის პატივსაცემად მიიღო, რომელიც ამ ქალაქის მკვიდრი იყო. თეატრის არსებობის მანძილზე აქ ბელინის თითქმის ყველა ოპერა შესრულდა.
„ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისს“ კიდევ ერთი წარმატება ხვდა წილად საერთაშორისო ასპარეზზე: მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით „დაისი“ თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ისტორიული მოვლენაა ქართული ოპერისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერა 21 ივნისს სიცილიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრში იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით პირველად შესრულდება.
პროექტის ავტორია ბადრი მაისურაძე, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი – გოჩა კაპანაძე. დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი; სცენოგრაფიაზე, განათებასა და კოსტიუმებზე კი გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.
ოპერა „დაისი“ თბილისში პირველად 1923 წელს დაიდგა. ოპერის ლიბრეტო შოთა რუსთაველის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების გამოყენებით არის დაწერილი. 1971 წელს მოხდა ოპერის ეკრანიზაცია.