მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს? თბილისი ევროკომისიის ანგარიშს ელოდება

საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ევროკომისიის დადებითი შეფასების იმედი აქვთ და აღნიშნავენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა პირობა შეასრულა.
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში წარადგენს, რომელიც 21-22 ივნისს შვედეთში იმართება.

„პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ადრე ვთქვი, ივნისის ბოლომდე 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სათქმელი არავის დარჩეს. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ჩვენს ევროპელ მეგობრებზე იქნება დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს და მინდა დავიჯერო, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა, თუმცა შარშან მიღებული იქნა არასამართლიანი გადაწყვეტილება.
„ჩვენ სტატუსი არ მოგვანიჭეს, გადმოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, ჩვენ ამ გეგმასაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევასრულებთ", – აღნიშნა კალაძემ.
საქართველომ ყველა მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ არის გარკვეული დაბრკოლებები დეპოლარიზაციის კუთხით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„ყველა დანარჩენი მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს... შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ყველა ეს ცვლილება პოზიტიურად შეფასდება", – განაცხადა დეპუტატმა.
მოლოდინი, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურია, რადგან საქართველომ შეასრულა ევროკომისიის თითქმის ყველა პირობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
„ამ პუნქტის (დეპოლარიზაციის) შესასრულებლად მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. დარჩენილი 11 პუნქტი ფაქტობრივად დასრულებულია, რჩება რამდენიმე დეტალის სრულყოფა", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს წარმოადგენს>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.