თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც მეხი დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 13 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს მოხდა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი იგი თბილისში გადმოიყვანეს.
გოდერძი აფრასიძე სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მას მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.