კობახიძე: საქართველოს ხალხსა და ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის

ამ სტატუსს ქვეყანა გასული წლის ივლისშიც იმსახურებდა და წელსაც იმსახურებს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს როგორც ქართველი ხალხი, ასევე ქვეყნის არჩეული ხელისუფლება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ.

„რაც შეეხება 12 პუნქტს, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, ეს პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება. კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის. შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის. ეს სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ანტიდასავლური განცხადებები არასდროს გაუკეთებიათ.
„ხანდახან გვიწევდა შეფასებების გაკეთება მათ არაობიექტურ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ჩვენი რიტორიკა არის პროდასავლური და ყოველთვის ამ ხაზს მივყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს წარმოადგენს >>
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
მიზანი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: რა გაკეთდა და როგორია საქართველოს პერსპექტივა? >>
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.