არ გადააჭარბოთ ხმაურის დასაშვებ ნორმას - კალაძემ ბიზნესმენებს მიმართა

დედაქალაქის მერმა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალურ ინსპექციას მონიტორინგის გამკაცრება დაავალა.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის არსებული სანქციები შეახსენა.
საქართველოში 2017 წელს ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი „საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებებში აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ხმაურის დასაშვებ ნორმებს.

„შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე 08:00-დან 23:00 საათამდე მოქმედებს ხმაურის გარკვეული დონის დაშვება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური ან კიდევ უფრო დაბალი დონითაა დასაშვები“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალურ ინსპექციას მონიტორინგის გამკაცრება დაავალა.
„მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს... ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, – აღნიშნა კალაძემ.
ხმაურის დასაშვები ნორმა
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისთვის.
კანონის თანახმად, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება:
დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე;
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე.
აღსანიშნავია, რომ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის ფაქტებზე მოქალაქეებს შეუძლიათ აცნობონ პოლიციას, რომელსაც ევალება კიდეც მოახდინოს რეაგირება დარღვევაზე.
ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.
ბარებისა და რესტორნებისთვის შეზღუდვები დაწესდება იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილითაა ისინი დაშორებული მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან. დაბალსართულიანი შენობების მახლობლად დღისით დაშვებული იქნება 50 დეციბელამდე ხმაური, ღამით კი — 40 დეციბელი. მრავალსართულიანი სახლების მახლობლად: დღისით — 55 დეციბელი, ღამით — 45.
კანონდარღვევა პირველ ჯერზე გაფრთხილებას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევებში კი დაწესებულია ფულადი ჯარიმა — 150 ლარი ფიზიკური პირისთვის და 500 ლარი იურიდიული პირისთვის. ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
ღამის საათებში ნებისმიერი პიროტექნიკის გამოყენება, გარდა ახალი წლისა, ძველი სტილით ახალი წლისა, 9 აპრილისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა, ისჯება ჯარიმით 150 ლარის ოდენობით — ფიზიკური პირების შემთხვევაში და 500 ლარით — იურიდიული პირების შემთხვევაში. განმეორებით დარღვევისას ჯარიმა ორმაგდება.