.თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდგომ საქციელს მასკარადი, შოუ და ცირკი უწოდა.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. გასულ კვირაში, 16 ივნისს სააკაშვილმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.
„ის, რაც ბოლო პერიოდში სააკაშვილმა ჩაიდინა მას შემდეგ, რაც ციხეში მოხვდა, მთელი შოუ, მასკარადი და ცირკია... მისმა ოჯახმა და ლობისტებმა აწარმოეს აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია, ამისთვის მათ ყოველდღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო თამაში და სპეკულაცია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დასრულდა.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოსგან, რათა შეწყვიტოს ეს სიმულაციები, მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მგონი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ კითხვები არავის აღარ დარჩა. ვფიქრობ, რომ მისმა ლობისტებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მის განცხადებებს იცავდნენ, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას მიყენებული ზიანისთვის. სტრასბურგის სასამართლომ პატიოსანი და მკაფიო პასუხი გასცა ამ ბინძურ კამპანიას, რითაც ბოლო მოუღო ამ მასკარადს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, სააკაშვილი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მისი განცხადების შემდეგ – რომ იგი უკრაინის მოქალაქეა, ისაუბრებს უკრაინულ ენაზე და ესაჭიროება თარჯიმანი.
„ვფიქრობ, რომ მსოფლიო ისტორიას არ უნახავს ამაზე მეტი დეგრადაცია, დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მით უმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პატიმარი სააკაშვილი
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".