თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ლგბტ პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, ეს მიუღებელი იქნებოდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
12 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ McDonald's-ის „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც მოთხრობილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრებაზე, მის და დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობასა და შვილების შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". 12 ივნისის დღის ბოლოს წიგნები სასაჩუქრე ნაკრებიდან ამოიღეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, აღნიშნა მან.
პოლიტიკოსმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმად აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის ლგბტ პირი, საფრანგეთში - 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი, აღნიშნა მან.
„თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. პროპაგანდას რა თქმა უნდა გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდა მიუღებელია და მასთან ბრძოლა საჭიროა სამართლებრივ ჩარჩოებში.
„ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, წიგნს ელტონ ჯონის ცხოვრებისა და მისი რჩეულის შესახებ არაფერი საერთო არ აქვს მის შემოქმედებასა და საკონცერტო საქმიანობასთან.
„ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია, ხელოვანი, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხელოვანს. ბროშურა და კონცერტი რა შუაშია?.. საუბარია, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერი იყო, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეიცავდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე თავადაც წავიდოდა და სხვასაც მოუწოდებს, ამ კონცერტზე წავიდნენ.
მანამდე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის ერთსქესიანი ოჯახის შესახებ წიგნის გამოჩენა კრიტიკულად შეაფასეს საქართველოს საპატრიარქომ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას ამორალური უწოდა.