თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღო კანონი, რომელიც ნასამართლეობის მქონე მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესაძლებლობას აძლევს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კანონი არ შეეხება პირებს, ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
„მიზანშეწონილად მიიჩნევა მსგავსი მიდგომის გამოყენება მობილიზაციის, საომარი მდგომარეობისა და ომის პერიოდში და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც აქვთ ნასამართლეობა და სურთ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ინიციატივის ავტორები, რომელიც ქვედა პალატამ პირველი მოსმენით 14 ივნისს მიიღო, დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი კარტაპოლოვი და მისი პირველი მოადგილე ანდრეი კრასოვი არიან.