თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33,6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყანაში შემოსული ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ქარსელაძე კახეთში გომბორის გზის შეკეთების მიმდინარეობას გაეცნო.
„ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები გომბორის გზის 33 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება მეწყერ-საწინააღმდეგო ღონისძიებებიც. გათვალისწინებულია მოცულობითი სამუშაოები, მათ შორის, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა“, - ამის შესახებ ქარსელაძემ რეგიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ასევე, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ამ დროისთვის, კახეთში სულ 25 პროექტი მიმდინარეობს, საიდანაც 4 ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტია. რეაბილიტაცია უტარდება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 30 კმ-იან და 11,5 კმ-იან მონაკვეთებს, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პირობების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს პირველი, 13,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ქარსელაძის განცხადებით, ამჟამად, მთლიანობაში, კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მილიარდ 100 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს.