თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში წარადგენს, რომელიც 21-22 ივნისს შვედეთში გაიმართება, იუწყება „პირველი არხი".
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ძლევამოსილი სახელმწიფოების კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების განმტკიცება. ეს ამოცანა კი მოიცავს ევროკავშირის გაფართოებასაც“, – დაწერა შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალიმ.
როგორც როსვალიმ აღნიშნა, ევროკავშირს უახლოეს წლებში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან მოუწევს ადაპტირება.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ევროკომისიის ობიექტურ შეფასებას ელოდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ობიექტური შეფასებები გაჟღერდება ჩვენი ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ თითოეულ ნაბიჯთან დაკავშირებით, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულების ნაწილში“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მანამდე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე რეკომენდაციებზე მუშაობას დაასრულებს და მიიღებს ყველა აუცილებელ კანონს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნავს, რომ შეუსრულებელი დარჩება მხოლოდ პირველი პირობა პოლარიზაციის შემცირების თაობაზე და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებენ.
ევროკომისიამ 2023 წლის 1 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოს მთავრობის მუშაობა უმრავლეს სფეროებში დადებითად არის შეფასებული. საუბარია საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაზე ევროკავშირთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, ფინანსური კონტროლი, გარემო, მეცნიერება და განათლება და სხვ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.