თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სტუდენტის მიმართ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელის მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის გაპროტესტებას აპირებდა, 17 ივნისს უნივერსიტეტის შენობაში მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად კიბეებიდან დაგორდა. მოგვიანებით ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მოხვდა, სადაც, მისივე თქმით, მასთან პოლიციელი მივიდა და იარაღით დაემუქრა.
შეტყობინების მიღებისთანავე სამსახურის გამომძიებელი დაუკავშირდა სტუდენტის დედას და მას სთხოვა, მომხდარზე სასაუბროდ საგამოძიებო განყოფილებაში მისულიყო.
იმავე დღეს სამსახურის თანამშრომელი ლუკა შველიძესაც ესაუბრა ტელეფონით და მისთვის მოსახერხებელ დროს საგამოძიებო ორგანოში მისვლა სთხოვა, რაზეც შველიძემ აცნობა, რომ 20 ივნისს მივიდოდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს.
ტელეარხ „ფორმულას“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.