თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა საზოგადოებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში მას არანაირი შანსი არ ექნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. გასულ კვირაში, 16 ივნისს სააკაშვილმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი 600 დღის განმავლობაში სიმულანტობს, რა რეიტინგი უნდა შერჩეს, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილს მიმდევრებს შორის მხოლოდ თავისი „სექტის ძველი წარმომადგენლები“ შეიძლება ჰყავდეს, მიაჩნია პოლიტიკოსს.
„როგორ შეიძლება ამ კაცს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებაში? ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის უცხოეთში გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს, განაცხადა კობახიძემ.
„საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა – ხან წამებით, ხან მოწამვლით. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, აღნიშნა კობახიძემ.
„ეს დანაშაულები ცხადია – საზოგადოების თვალწინ იქნა ჩადენილი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, რომელიც შეფარდებული აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – ან სასწაული, ან სტრასბურგის გადაწყვეტილება, მიაჩნია პოლიტიკოსს.
„მიმაჩნია, რომ მიზეზი სტრასბურგის (სასამართლოს) გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა მან.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტს აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
პატიმარი სააკაშვილი
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".