„ჭარბი აჟიოტაჟი" - მმართველ გუნდში კინოცენტრთან დაკავშირებული ვითარება შეაფასეს

კინოცენტრის ზოგიერთი წარმომადგენელი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას აპროტესტებს.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ჭარბი აჟიოტაჟი შეიქმნა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ორგანიზაციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების თაობაზე.
საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებამ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაიას დანიშვნის შესახებ კინოინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკა გამოიწვია. ხუბუნაია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა, როცა უწყებას წულუკიანი ხელმძღვანელობდა. ახალი უფროსის დანიშვნით უკმაყოფილო პირთა მოსაზრებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცენზურა კინოინდუსტრიაში.

„კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. მართლა არ ვიცი, რაზეა აქ საუბარი", – განაცხადა კობახიძემ.

ზოგადად, ქართულ კინოს სჭირდება გაჯანსაღება, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში, მათ შორის ინტელექტუალური რესურსის, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„ბუნებრივია, აქეთკენ არის მიმართული მინისტრის ქმედებები", – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს და გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა რაღაც პროტესტის ორგანიზებით.
კინოს სფეროს წარმომადგენლებში უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ ხუბუნაიამ კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა ბაჩო ოდიშარია – პროსამთავრობო არხის POSTV-ის ტელეწამყვანი.
კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას მანამდე, ვიდრე კინოინდუსტრიის პროფესიონალთა ჯგუფი სამართლიან, გამჭვირვალე და კონკურენტულ საფუძველზე ახალ დირექტორს არ შეარჩევს. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შესაბამისი პეტიცია უკვე მოამზადეს.
2022 წლის 18 მარტს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო.
ეროვნული კინოცენტრი 2001 წელს დაარსდა, მისი მთავარი მიზანია ქართული კინოს განვითარება, სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.