თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.
„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის „სმარტთან“. გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
პარტიის წარმომადგენლები თბილისიდან ბორჯომში მიდიოდნენ, სადაც ახალგაზრდების ბანაკში ტრენინგი უნდა ჩაეტარებინათ. ყურაშვილის თქმით, მათ გზიდან მობრუნება მოუწიათ.
„პოლიციაში მოვედით ახლა, განცხადებას დავწერთ“, - წერს ყურაშვილი.
ბორჯომში კი ხმაურია იმ სასტუმროსთან, სადაც „გირჩს“ ტრენინგი უნდა ჩაეტარებინა.
„ბორჯომის სასტუმროში, სადაც ჩვენი ბანაკი მიმდინარეობს, 60-მდე ადამიანი მივარდა და გაურკვეველ რაღაცებს ყვირიან“, - წერს პარტიის წევრი ანა ყურაშვილი და ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს როგორ ესვრიან შენობას ქვებს იქ მოსული ადამიანები.