წალკაში მიუსაფარი ძაღლის მოკვლისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები მიუსაფარი ძაღლის მოკვლას ედავებიან, 16 ივნისს დააკავეს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მწოლიარე ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესროლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივნისს წალკაში ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 259-ე მუხლოით წარედგინა, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ინიდენტი მოხდა თბილისშიც. 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ესვრის ძაღლს უცნობი მამაკაცი ქუჩაში, სხვა მოქალაქეების თვალწინ.
თვითმხილველების თქმით, ძაღლმა გამვლელს დაუყეფა, რის გამოც მამაკაცმა იგი იარაღიდან გასროლით მოკლა. არსებული ინფორმაციით, ფაქტს ბავშვებიც შეესწრნენ.
კვირას, 18 ივნისს თბილისში უსახლკარო ცხოველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათზე დაიწყება.
წყარო - პროკურატურა