გურჯაანში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვარაუდით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი მილიონებს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გურჯაანში მესამე დღეა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარებს, ქალაქში დატბორილი ტერიტორიების დასუფთავება სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
15 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში წყალდიდობამ და მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა მოსავალი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, ათობით მანქანა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა გზები. ღვარცოფმა პრობლემები შექმნა ცენტრალურ ავტომაგისტრალზეც.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, კომუნიკაციები რეგიონში თითქმის სრულად აღდგა.
„გურჯაანში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც შეეხება კომუნიკაციებს, ამ დროისთვის, გურჯაანში კომუნიკაციები აღდგენილია. რჩება მცირე ნაწილი, რომლის აღდგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აღდგება“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლერი გელენავას განცხადებით, ზარალი, სავარაუდოდ, მილიონებს აჭარბებს.
„რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც დაზიანებული გვაქვს, ზარალი მილიონებს აჭარბებს. ხევების დასუფთავებას ალბათ ძალიან დიდი თანხა დასჭირდება. რაც შეეხება მოსახლეობას, რომელთაც სახლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. დაუზიანდათ, ესეც საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა გელენავამ.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ეცდება, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ერთ კვირაში აღრიცხოს.