თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მოლდოვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო (ANSP) აკონტროლებს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რადგან შიშობს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გავრცელდება, იუწყება მოლდოვური მედია.
ამასთან აღინიშნება, რომ ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც სააგენტო აცხადებს, მას შემდეგ, რაც კაშხალი გაირღვა და დიდი ტერიტორია დაიტბორა, წყალში ბევრი საშიში ნივთიერება მოხვდა. შედეგად, იზრდება ისეთი დაავადებების აფეთქების რისკები, რომლებიც წყლის მეშვეობით გადაეცემა. ესენია: ნაწლავური ინფექციები, ჰეპატიტი, ბოტულიზმი, ქოლერა და ჯილეხიც კი.
გარდა ამისა, იზრდება ისეთი დაავადებების რისკიც, რომლებიც მღრღნელების მეშვეობით ვრცელდება — ლეპტოსპიროზისა და ტულარემიისა.
ამასთან, სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას არა მხოლოდ მოლდოვაში, არამედ უკრაინაშიც.
„ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით მეზობელ ქვეყანაში ქოლერის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამავდროულად, მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის გამო მოლდოვაში ქოლერისა და სხვა დაავადებების შემოტანის რისკი კვლავაც რჩება“, — აცხადებს სააგენტო.
მანამდე მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკრაინაში იარნო ჰაბიხტმა. მისი თქმით, დაავადებების აფეთქების თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ჯანმო მზადაა გააფართოვოს დახმარება აუცილებლობის შემთხვევაში.