თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართულმა თაფლმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი მოიპოვა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდის“ მიერ წარმოებულმა „ნინოწმინდის თაფლი - ალპიდამ“ ჯილდო ხარისხის ნომინაციაში მიიღო.
საერთაშორისო კონკურსი ლონდონში ყოველწლიურად იმართება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი თაფლის წარმოების სფეროში. მასში ყოველწლიურად 250-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან.
კონკურსი აერთიანებს ორ ნომინაციას – თაფლის ხარისხი და შეფუთვა (დიზაინი). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მეწარმეებს, რომლებიც თავად აწარმოებენ და ყიდიან მხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციას.
კოოპერატივმა „კოდი“ London Honey Awards-ზე საკუთარი პროდუქცია პირველად 2021 წელს წარადგინა. მაშინ „ნინოწმინდის თაფლი - ალპიდამ“ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს თაფლი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 2022 წელსაც.
ქართულმა თაფლმა ლონდონში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა
© courtesy of Alpida
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდი“
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდი“ 2017 წელს ოთხი მეფუტკრის ინიციატივით დაარსდა. დღეისათვის კოოპერატივი 11 წევრს, მათ შორის 4 ქალს აერთიანებს.
2017 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში კოოპერატივმა შეიძინა ფუტკრის 40 ოჯახი, 100 სკა და გადამმუშავებელი საამქროს სამი დანადგარი, ხოლო მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ 100 ახალი სკა მიიღო.
გარდა ამისა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს გრანტით მოხდა საამქროსთვის დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ხაზის მოწყობა.
კოოპერატივ „კოდის“ სავაჭრო ნიშანია „ალპიდა“. კოოპერატივი აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს: „ნინოწმინდის თაფლს“, „ახალციხის თაფლს“, „მაისის თაფლს“, „ანათალის თაფლს“, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს და ფუტკრის დედებს.
2020 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტში“ კოოპერატივმა დაარეგისტრირა „ნინოწმინდის თაფლი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი.
„ნინოწმინდის თაფლს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს „ქართული ხარისხის“ და „გეოგრაფიული აღნიშვნის ხარისხის“ ნიშნები, ხოლო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ – „აგროეკოლოგიური ხარისხის“ ნიშანი.
2018-2021 წლებში კოოპერატივმა მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციების (JICA, USAID zrda, IFAD) გრანტები, რამაც საშუალება მისცა, გაეზარდა პირველადი წარმოება, პროდუქციის ხარისხი და საწარმოში დაენერგა HACCP სტანდარტი.
2018 წლიდან „კოდის“ მიერ წარმოებული თაფლი სრულ შესაბამისობაშია ქართულ და ევროპულ მოთხოვნებთან როგორც ხარისხის, ისე უვნებლობის მიმართულებით. 2022 წელს საამქროში დაინერგა ახალი ტექნოლოგია, რომელმაც საშუალება მისცა მწარმოებელს, შეენარჩუნებინათ ბუნებრივი თაფლის მაღალი ხარისხი.