თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლეს საფეხურზეა და მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალში შედის, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშზე დაყრდნობით.
სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფოების მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და განაგრძობს მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და გამოძიების კუთხით.
დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ღონისძიებების ეფექტურობაზე და პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში ტრეფიკინგის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები.
ანგარიშში ასევე დადებითადაა შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა – ტრეფიკინგის მსხვერპლები უზრუნველყოფილი იქნან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მომსახურებით.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომის ინსპექციას შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენას მობილური ჯგუფებისა და შრომის ინსპექციის დანაყოფების მიერ ერთობლივი შემოწმებების ჩატარების გზით.
აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებები მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით იყენებენ შესაბამის სტანდარტულ, ოპერატიულ პროცედურებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს.